ARCHIVE

POPULAR

ინტერნეტ-პროვაიდერების ბრალეულობის მითი ანუ რატომ ჭედავს ინტერნეტი?



 რთულია, არ გამოიყენო ტერმინები და მხოლოდ მარტივი ქართულით გადმოსცე რაც შეიძლება ფართო პუბლიკისთვის, თუ რატომ "ჭედავს ინტერნეტი". თუ მოკლე პასუხი გინდათ - ინტერნეტი არ ჭედავს!

ჭედავს თქვენი სახლის როუტერი და ამას ბევრი მიზეზი აქვს:

მთავარი მიზეზი ის არის, რომ თანხმდებით ინტერნეტ-პროვაიდერის მოწყობილობის დადგმას საკუთარ სახლში. შედეგად ღებულობთ:

იაფფასიან მოწყობილობას, რომელსაც პროვაიდერი ჩინეთში ყიდულობს ტონას 1 პანგოლინის ფასად და პროვაიდერის მიერ კონტროლირებად მოწყობილობას საკუთარ სახლში. მარტივად რომ წარმოიდგინოთ ეს იგივეა, რაც საკუთარი სახლიდან გარე სამყაროში გასასვლელი (რაც ჩვეულებრივ თქვენი ბინის კარია, რომელსაც რამდენიმე საკეტი აქვს და ა.შ.) ინტერნეტ-პროვაიდერის საკეტი (პაროლი) ადევს და თქვენი ციფრული ცხოვრება, მინიმუმ, თქვენი ინტერნეტ-პროვაიდერისთვის ადვილად მიწვდომადია (ტექნიკურად). ამ შემთხვევაში ყოველთვის, როცა წარმოთქვამთ სიტყვებს "ჩემი სახლის WIFI" - ეს სიტყვები რეალობას აცდენილია 🌞 ამასთანავე, თუ ერთდროულად 2 ადამიანი იყენებს ინტენსიურად (ონლაინ კარგი ხარისხით ფილმის ყურება, ვიდეო-შეხვედრები) ამგვარი მოწყობილობის WIFI-ით სარგებლობა გადადის იმაში, რასაც ეძახით "ინტერნეტი ჭედავს" და როცა უმეტესობა დასაქმებულების გადასულია სახლიდან მუშაობაზე "ინტერნეტი ჭედავს" უკვე არა მხოლოდ დასაქმებულების, არამედ დამსაქმებლის პრობლემაც ხდება. ამიტომ ახლოს დაჯექით მოწყობილობასთან ან პირდაპირ კაბელით დაერთდით ამ მოწყობილობაზე. WIFI ქსელი თქვენ არ გაქვთ და თავს ნუ იტყუებთ! ასევე იაფფასიანი როუტერების განუახლებელი პროგრამული უზრუნველყოფაც შესაძლოა მიზეზი იყოს "ინტერნეტის გაჭედვის"...
მარტივი ცდა შეგიძლიათ ჩაატაროთ: ბრაუზერის მისამართის ველში აკრიფეთ 192.168.1.1, 192.168.100.1 ან 192.168.0.1 (თქვენს სახლში არსებული როუტერის მართვის პანელში შესასვლელი მისამართი) და ბრაუზერი მოგთხოვთ მომხმარებლის და პაროლის შეყვანას. რა თქმა უნდა ეს მონაცემები თქვენ არ იცით, იმიტომ რომ მოწყობილობა პროვაიდერისაა. 📞 დაურეკეთ თქვენს პროვაიდერს და თხოვეთ როუტერზე შესასვლელი პაროლი და ნახეთ რას მიიღებთ პასუხად 😎

უარი?.. მაშინ ისღა დაგრჩენიათ დაგუგლოთ "სილქნეტის როუტერის პაროლი" ან "მაგთის როუტერის პაროლი" და თუ CV-ში ინტერნეტის ცოდნა არ გიწერიათ და საძიებო სისტემის მოხმარება თქვენთვის უცხო არაა, დიდი ალბათობით გაგიმართლებთ 🧐

ვისაც გაგიმართლათ, ე.ი. დიდი ალბათობით თქვენი ციფრული ცხოვრების ხელშეუხებლობა გაღელვებთ და ამ მომენტში შეშფოთებას გამოხატავთ: 🤬🤬

გაქვთ 2 გზა:

ეჭიდაოთ ინტერნეტ-პროვაიდერს (ჩემი აზრით უაზრობაა).👎
გამოცვალოთ გარე სამყაროში გასასვლელი საკეტი ანუ შეიძინოთ კარგი WIFI-როუტერი (თუ საკუთარ თავს და დროს აფასებთ). ... და თუ გავიხსენებთ, რომ "ჭედავს ინტერნეტი" დამსაქმებლის პრობლემაცაა, შესაძლოა დამსაქმებელმაც ნაწილობრივ დაგაფინანსოთ. 👍
როგორია კარგი WIFI-როუტერი დღეს? ნუ ჩქარობთ მაღაზიებში გაქცევას, უმეტესწილად იქ იგივე იაფფასიანი ნაგავი "ბლაბლა-link"-ის ბრენდის როუტერები დაგხვდებათ (რადგან კარგ როუტერებზე მოთხოვნა დაბალია). იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს WIFI როუტერის შერჩევა, რამდენიმე ტერმინს და ცოტათი თეორიას მაინც უნდა გავეცნოთ:

როუტერი ჩვეულებრივი გამოთვლითი მანქანაა, როგორც პერსონალური კომპიუტერი (PC-იც შესაძლოა ვამუშავოთ როუტერად), უბრალოდ PC-სგან განსხვავებით ნაკლებად წარმადია და ცოტა ელ. ენერგიას მოიხმარს. თანამედროვე როუტერები ეს არის საკმაოდ მაღალწარმადი SoC-ები (System on Chip), როდესაც ერთ პლატაზე არის ინტეგრირებული ცენტრალური პროცესორი (CPU), ოპერატიული მეხსიერება (RAM), მუდმივი მეხსიერება (Flash Memory), შესაძლოა დამატებით USB 2.0 და USB 3.0 პორტებიც ქონდეს (სახლის ქსელში პრინტერის და საერთო დისკის გაზიარებისთვის) და რა თქმა უნდა, Wireless როუტერს აქვს ასევე WIFI-ჩიპ(ებ)ი და ეს ყველაფერი ერთ პატარა პლატაზე. ეხლა გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს. შესაძლოა ერთი და იგივე მწარმოებლის ერთი და იგივე მოდელს განსხვავებული SoC-ი (შიგთავსი) ქონდეს, თუმცა გარედან კორპუსი ერთნაირია და იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა SoC-ია ჩვენს ლამაზ როუტერში, მას ქვევიდან დააწერა მწარმოებელმა Hardware Version. მაგალითად, მე მაქვს Netgear R6700 V3 სადაც "Netgear" არის ბრენდი, "R6700" არის მოდელი და V3 არის Hardware Version. მოვძებნოთ როუტერი ერთ ძალიან სასარგებლო საიტზე: https://deviwiki.com/wiki/Netgear_R6700_v3 და დავინახავთ, რომ "Broadcom BCM4708C0" SoC-ზეა აწყობილი ჩემი მოწყობილობა. ასევე დავინახავთ ქვევით, რომ იგივე მოდელის V2 ვერსია გარეგნულად აბსოლუტურად იგივენაირად გამოიყურება, მაგრამ უკვე სხვა "MediaTek MT7621AT" SoC-ზეა (https://deviwiki.com/wiki/Netgear_R6700_v2). WI-FI როუტერის ავკარგიანობა მხოლოდ გარე ანტენების რაოდენობით არ განისაზღვრება, შიდა ანტენებიც შესაძლოა ქონდეს SoC-ს. MIMO config-ს დააკვირდით აღნიშნულ საიტზე. მნიშვნელობები: 3x3:3 და 4x4:4 კარგია!

ბევრი კითხვით, რომ არ დაგღალოთ, მე გირჩევთ, რომ შეიძინოთ მინიმუმ WI-FI 5 კლასის როუტერი, ისინია რომლებიც 2014 წლიდანაა ნაწარმოები და ადვილად ამოიცნობთ რადგან სახელწოდებაში იქნება AC1750, AC2300, AC2400, ACxxxx (სადაც xxxx არაბული ციფრებია) ან თუ პარლამენტარის შემოსავალი გაქვთ WI-FI 6 კლასის როუტერები, რომლებიც 2019 წლიდანაა ნაწარმოები (AC-ს მაგივრად AX იქნება და AC-სგან განსხვავებით უფრო მაღალი რიცხვებია). რაც შეეხება ბრენდებს, ჩემი რჩევაა: Netgear, Linksys, Asus. და ამ სამიდან ისევ Netgear-ს გირჩევთ, იმიტომ რომ თვითონ ვხმარობ. დიდ ყურადღებას აქცევენ კიბერუსაფრთხოებას და ხშირ-ხშირად ანახლებენ როუტერის პროგრამულ უზრუნველყოფას, პლიუს მარტივია როუტერის მართვა Netgear Nighthawk აპლიკაციის საშუალებით, აქვს საკმაოდ კარგი Parental Control ფუნქციონალი Netgear Circle და ბევრი სხვა რამ.

თუ როუტერის ყუთზე აწერია MU-MIMO, Beamforming, Dynamic QoS, Wave2 ტექნოლოგიების დასახელებები - ეს კარგია 😉

ეხლა მთავარი! სად ვიყიდოთ? რა თქმა უნდა amazon.com, ebay.com და თუ იგივე მოდელი ნახეთ mymarket.ge-ზე და ფასში დიდი სხვაობა არაა, შეგიძლიათ mymarket-ზეც. მაგალითად, Netgear Nighthawk R6700 v3-ის აშშ-დან ტრანსპორტირების ღირებულება 50 ლარის ფარგლებში იყო.

ვინც კომენტარებში Mesh WI-FI-ს ახსენებს მართალი იქნება, TP-link C2300-იც კარგი როუტერია... თუ რამეს დაამატებთ, ეს მხოლოდ კარგი იქნება!

PS. ეძღვნება დამსაქმებლების IT Support-ის თანამშრომლებს!😁

 © ანდრია ვასაძე - ყველა უფლება დროდადრო დასაცავია

No comments

Post a Comment